მთავარი
პროექტებიდასრულებულიქალაქთგეგმარება და ურბანული განვითარება
ქალაქთგეგმარება და ურბანული განვითარება

ქ. ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა

წელი: 2008
დამკვეთი: თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერია

ქ. ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პორტი და ნავთობტერმინალია. ქალაქის ტერიტორიის მომავალი მრავალფუნქციური განვითარებისთვის დამუშავდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც მოიცავს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებსა და პერსპექტიული განვითარების სტრატეგიულ ხედვას. მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი ზონირების სახეობებს და ადგენს ამ ზონების საზღვრებს ფუნქციური დანიშნულების, ტერიტორიულ-სტრუქტურული მახასიათებლების, გეგმარებითი შეზღუდვების და ქალაქთმშენებლობითი ღირებულებების მიხედვით.

2007 წელს "გეოგრაფიკმა" ფრანგულ კომპანია FIT Conseil-თან ერთად ჩაატარა აეროგადაღება საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ქ. ბათუმში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. უახლესი აეროგადაღების მასალები საველე ტოპო-გეოდეზიურ და საკადასტრო მონაცემებთან ერთად გამოყენებულ იქნა არსებული ტოპო-გეოდეზიური საფუძვლის გასაახლებლად და დასაზუსტდებლად, ხოლო სოციალურ-ეკონომიკურ კვლევებზე დაყრდნობით შეიქმნა სრულყოფილი და განახლებადი გეომონაცემთა ბაზები, რომლებიც აერთიანებს ინფორმაციას ქალაქის სოციალური და კულტურული ინფრასრუქტურის ობიექტების და მათი ადგილმდებარეობის შესახებ, სამისამართო ინფორმაციის ჩათვლით, ქალაქის სატრანსპორტო და საინჟინრო ქსელების სქემებს, გარემოს დაცვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებს, ახალი მშენებლობის და რეკონსტრუქციის ზონებს და ა.შ.

მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით მოხდა ქ. ბათუმის საზღვრის იდენტიფიცირება და დაზუსტება, ქალაქის ტერიტორიის ზოგადი და კონკრეტული ფუნქციური ზონირება, პირველი რიგის და გადადებული ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების დაგეგმვა და სხვა.

--------------------------------------------------------  

მთაწმინდის "ზედა უბნის" რეკონსტრუქცია

წელი: 2008
დამკვეთი: შპს "მთაწმინდის რეკოსტრუქციის და განვითარების პროქეტი"


მთაწმინდის უბანი ქ. თბილისში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც დაიწყო ქალაქის ინტენსიური ზრდა ევროპული, კლასიცისტური ქალაქგეგმარების საფუძვლებზე. "ზედა უბანი" განვითარდა მთაწმინდის კალთებზე რთული რელიეფის პირობებში. უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია არასდროს ჩატარებულა და შენობების უმრავლესობა ძლიერ ამორტიზირებულია.

"გეოგრაფიკის" მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება ითვალისწინებს განაშენიანების რეკონსტრუქციას: ქუჩათა ქსელის ნაწილობრივ ცვლილებას, ავარიული შენობების (გარდა არქიტექტურული ძეგლებისა) დანგრევას, არსებული საშუალო სართულიანობის ზრდას 2,3-დან 3,5-მდე. მკვეთარად მოიმატებს ავტოსადგომების რაოდენობა და კეთილმოწყობილი ტერიტორიები. სავარაუდოდ გაიზრდება მოსახლეობის რაოდენობაც, დაახლოებით 25%-ით.

ზოგადად კი შენარჩუნებული იქნება უბნის სტრუქტურა, მორფოლოგია, ღირებული ხედები, პანორამები და ტრადიციული არქიტექტურულ მხატვრული იერსახე.

--------------------------------------------------------  

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობა

წელი: 2008
დამკვეთი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის პერსპექტიულ ათვისებასა და განვითარებას დემოგრაფიული, ეკონომიკური, ტურისტული, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ქსელების და სხვ. მიმართულებით. სივრცითი მოწყობის გეგმის შედგენისას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვრცელი გეომონაცემთა ბაზების შექმნას და სხვადასხვა სახის ინფორმაციის თავმოყრასა და სისტემატიზაციას.

შეიქმნა ბორჯომის რაიონის ბუნებრივ-ლანშაფტური რუკა, რომელზეც გამოყოფილია რაიონის მნიშვნელოვანი ბუნებრივი კომპლექსები: ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვისა და ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილების დაცული ტერიტორიები.

ბორჯომის რაიონის სივრცით სტრუქტურაში გამოკვეთილია ცენტრი - კურორტი ბორჯომი და რამდენიმე ადგილობრივი ქვეცენტრი.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით ბორჯომის რაიონში გამოყოფილია კურორტები, მათი სარეკრეაციო არეალები და დაცული ზონები, რაც აისახა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიების რუკაზე.

--------------------------------------------------------  

დაბა ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა

წელი: 2008
დამკვეთი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი


დაბა ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიის სოფლების (ციხისჯვარი, მიტარბი, პატარა მიტარბი, თორი) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარმოადგენს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების დოკუმენტს არსებული მდგომარეობისა და პერსპექტიული განვითარების ამოცანებიდან გამომდინარე.

დიდი მიტარბის განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული კურორტ ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურასთან, ვინაიდან დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო ტრასა უშუალოდ უკავშირდება "კოხტა გორის" სპორტულ კომპლექსს. სოფლის ტერიტორიისთვის გამოყოფილია საცხოვრებელი და სამრეწველო, სპორტული და სარეკრეაციო ზონები, მათი ზუსტი საზღვრები, დაგეგმილი და მოწესრიგებულია ქუჩათა ქსელი, გამოყოფილია საზოგადოებრივი ცენტრის ქვეზონა.

სოფელი ციხისჯვრის სიტუაციური გეგმა შემუშავდა იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ მის მახლობლად მდებარე მთა კოდიანის მიდამოებში არსებობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები.

--------------------------------------------------------  

კურორტ აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია

წელი: 2007-2008
დამკვეთი: საქართველოს მთავრობა

საქართველოს უძველესი კურორტის, აბასთუმნის მიწათსარგებლობის გეგმის შედგენისას საველე პირობებში კვლევის და საარქივო მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა კურორტის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები, ფუნქციური ზონების შემადგენლობა, სტრუქტურული წყობა და განვითარების სივრცითი მიმართულებები.

კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს როგორც განაშენიანების რეგულირების კონკრეტული პარამეტრების, ასევე ყველა სახის საინჟინრო ქსელების განლაგებისა და სიმძლავრეების დადგენას ადგილობრივი პირობებისა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.

აბასთუმნის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ფარგლებში დადგინდა ეროვნული მნიშვნელობის და სხვა ძეგლების ნუსხა, გამოიყო ისტორიული განაშენიანების, განაშენიანების რეგულირების და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონები საზღვრების და დაცვის რეჟიმის აღწერით. გეომონაცემთა ბაზაში გაერთიანდა გრაფიკული და ატრიბუტული ინფორმაცია კურორტის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.